GEOENG
 
 
 
 
აკადემიური კალენდარი
პროგრამა
კლასგარეშე აქტივობები
დეპარტამენტები
სადამრიგებლო პროგრამა
Moodle
GZAAT Email System
 

კურსები

ინგლისური - 4 წელი      

ინგლისური ენის სწავლება მიზნად ისახავს ამ ენაზე თავისუფალი და გამართული მეტყველების უნარის გამომუშავებას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გრამატიკას, ენის სტრუქტურას, წინადადების აგებასა და ვარირებას. ლექსიკონზე მუშაობა უზრუნველყოფს მასალის ათვისებისა და გადმოცემის უნარის განვითარებას. ყოველდღიური კითხვითი დავალებები  მოიცავს ესსეს, ლექსებს, მოთხრობებს, რომანებს და დრამატულ ნაწარმოებებს. ყურადღება გამახვილდება განსხვავებული ტიპის თხზულებებისა და ესსეების წერაზე, ჩანაწერების წარმოებაზე. ზეპირი პრეზენტაციები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დაეუფლონ არგუმენტაციისა და დებატების წარმოებისთვის აუცილებელ კლასიკური რიტორიკის ძირითად ხერხებს. შემდგომ ეტაპზე მოსწავლეები შესწავლიან მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებებს და წაკითხულს წერილობით გაანალიზებენ.

ქართული ენა და ლიტერატურა - 4 წელი     

ოთხი წლის განმავლობაში მოსწავლეები გაივლიან მშობლიური ენისა და ლიტერატურის სრულ კურსს. უმთავრესი ყურადღება დაეთმობა გამართულ მეტყველებას, სამეტყველო ლექსიკონის გამდიდრებასა და სალიტერატურო ენის ნორმებზე დაყრდნობით ქართული ენის თავისებურებების შესწავლას. ამასთან, მოსწავლეები დაეუფლებიან ინგლისურ ენასთან ტიპოლოგიური შედარების მეთოდის გამოყენებით გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თავისუფალი და ლიტერატურათმცოდნეობითი თემების წერას, ზეპირი მოხსენებების და სამეცნიერო დისკუსიის წარმოების ხელოვნებას. საგანი ქართული ენა და ლიტერატურა გულსიხმობს კლასიკური ლიტერატურის, როგორც ძველის, ასევე ახლის შესწავლას. ქართული ლიტერატურის შესწავლა დაუკავშირდება მსოფლიო ლიტერატურის შედევრებსა და კულტურულოგიურ გამოკვლევებს. ის უშუალო მიმართებაში იქნება ისტორიის პროგრამასთან და მოიცავ ყველა ჟანრს - როგორც მხატვრულ პროზას, პოეზიას, ესეს, ასევე დრამას და კინემატოგრაფიას. მომზადება ეროვნული გამოცდისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-11 და მე-12 კლასების სასწავლო პროგრამების  ფარგლებში განხორციელდება.

რუსულის ენა და ლიტერატურა - 3 წელი                     

მოსწავლეები ისწავლიან რუსულ ენაზე გამართულ წერასა და მეტყველებას, ორიგინალში გაეცნობიან კლასიკური და თანამედროვე რუსული ლიტერატურის ნიმუშებს. რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები კვირაში ოთხჯერ ჩატარდება. ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა, მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე ჟურნალებსა და გაზეთებს, ნახავენ ფილმებს. 

მათემატიკა - 4 წელი    

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მოიცას მათემატიკის სწავლებას სასკოლო პრაქტიკაში ტრადიციულად დამკვიდრებულ კომპონენტებს - ალგებრას, ტრიგონომეტრიას, გეომეტრიასა და გამოთვლებს - მიდგომის თვალსაზრისით, ამ საგნის სწავლება არსებითად განსხვავებული იქნება. ეს მიდგომა (ზოგჯერ მას „პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას" უწოდებენ) ყურადღებას უფრო მეტად მათემატიკური აზროვნების პროცესზე ამახვილებს, ვიდრე შედეგზე. იგი ეხმარება მოსწავლეს თვითონვე დასვას კითხვები და შეიმუშაოს პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი გზა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჯგუფებში მუშაობას, პრობლემის გადაჭრის გზების ერთობლივ ძიებას. თანამედროვე ტექნოლოგიების - კომპიუტერების, კალკულატორების, ინტერნეტის გამოყენება მნიშვნელოვნად აადვილებს ამ პროცესს. სწავლის პერიოდში მოსწავლეები გაეცნობიან მათემატიკის ანტიკურ და შუასაუკუნოვან ისტორიას; ცელკეული თამაშების მაგალითზე შეისწავლიან ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის საფუძვლებს; განიხილავენ მათემატიკის გამოყენების მაგალითებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ეკონომიკაში, ფინანსებსა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში. მე-12 კლასის მათემატიკის კურსი ითვალისწინებს  SAT I და II-ისთვის მომზადებას (პირველი ტრიმესტრი) და მათემატიკის რიგი მნიშვნელოვანი თემების გაღრმავებულ შესწავლას (მეორე და მესამე ტრიმესტრი).

საბუნებისმეტყველო საგნები - 3 წელი                  

საბუნებისმეტყველო საგნების სამწლიანი კურსი ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის სწავლებას ითვალისწინებს. კურსის მიზანია განუვითაროს მოსწავლეებს მეცნიერული აზროვნების უნარი, აჩვენოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ექსპერიმენტულ კვლევას სამეცნიერო თეორიების შემუშავებისა და ფორმულირებისთვის და როგორ გამოიყენება სამეცნიერო მეთოდი ჰიპოთეზის დასაბუთებისა თუ უარყოფისთვის.

ბიოლოგიის კურსი ექვს მნიშვნელოვან თემას მოიცავს: უჯრედები, ევოლუცია, გენეტიკა, ენერგია, მატერია და ორგანიზაცია, და ეკოლოგია. თითოეული ეს თემა რამდენიმე, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ ქვეთემად იყოფა. სასწავლო კურსში ინტეგრირებულია აგრეთვე ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის საფუძვლების შესწავლა. სახელმძღვანელოების პარალელურად სწავლებისას ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, ვიდეო ფილმები, ინტერაქტიური ანიმაცია და ინტერნეტ რესურსები. პრაქტიკულ მეცადინეობებზე მოსწავლეები დამოუკიდებლად ატარებენ კვლევას, რაც საშუალებას აძლევთ გაკვეთილებზე შეძენილი თეორიული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირონ.

ქიმიის კურსი, რომელსაც მოსწავლეები მეათე კლასში გაივლიან, მოიცავს არაორგანული და ორგანული ქიმიის  უმთავრეს თემებსა და საკითხებს, კერძოდ,  ძირითად ქიმიურ ტერმინებს, ფორმულებს და ტოლობათა გათანაბრებას, ელემენტთა პერიოდულობის ცხრილს და ატომის სტრუქტურას, რეაქციების ტიპებს, სტექიომეტრიას, კალორიმეტრიასა და კინეტიკას.

ფიზიკის კურსი იმდაგვარად არის აგებული, რომ მოსწავლეებს ფიზიკისადმი ინტერესი აღუძრას და საშუალება მისცეს შეძენილი ცოდნა რეალური ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენონ. სწავლების პროცესის მთავარი კომპონენტებია დისკუსიები, პრობლემების გადაჭრა, ლაბორატორიული მუშაობა და პრეზენტაციები.  კურსის ბოლოს მოსწავლეები ამზადებენ წერილობით ნაშრომს და პრეზენტაციას მათთვის საინტერესო თემაზე.

ისტორია  - 3 წელი   

ისტორიის კურსი მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის ძირითად თემებს და საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კაცობრიობის ისტორიის უმთავრესი მოვლენების, იდეებისა და ფასეულობების შესწავლას. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა აგრეთვე თანამედროვე მსოფლიოს მოვლენებსა და განვითარების ტენდეციებს. ისტორიის შესწავლა გულისხმობს გაკვეთილის თემით განსაზღვრული მასალის წაკითხვას, წაკითხულის განხილვას, დისკუსიებს, წერითი დავალებების შესრულებას, პრეზენტაციების და ერთი ან რამდენიმე ინდვიდუალური და საკლასო პროექტის მომზადებას. მოსწავლეებს დავალებები ყოველდღიურად მიეცემათ. ამასთან, მაქსიმალურად შეეწყობა ხელი დავალებების შესრულებისას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას.

პირველ წელს მოსწავლეები შეისწავლიან ადამიანის წარმოშობას, საზოგადოების ადრეულ ტიპებს, უძველეს ცივილიზაციებს (დაწყებული ეგვიპტითა და მესოპოტამიით, ინდოეთითა და ჩინეთით, ამერიკული ცივილიზაციებით, და დამთავრებულს საბერძნეთითა და რომით),  საქართველოს ისტორიის შესაბამისი პერიოდების ჩათვლით.

რელიგია - 1 ტრიმესტრი           

მეთორმეტეკლასელები გაეცნობიან მსოფლიოს მთავარ რელიგიებს - ქრისტიანობას, იუდაიზმს, ისლამს, ინდუიზმს, ბუდიზმს, აგრეთვე წარმართულ და რიგ პრიმიტიულ რელიგიებს. ყურადღება გამახვილდება რელიგიის ისტორიაზე და თეოლოგიაზე, რწმენის ცალკეული სისტემების ეთიკურ ასპექტებზე. კონკრეტული რელიგიების კონტექსტში მოსწვლეები განიხილავენ და იმსჯელებენ რიგ ზნეობრივ დილემებზე.

ხელოვნება- 1 ტრიმესტრი          

მეთორმეტეკლასელები გაეცნობიან სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს, რაც საშუალებას მისცემს მოახდინონ მათი იდენტიფიცირება  ეპოქისა და ავტორის მიხედვით. ისინი შეისწავლიან კომპოზიციის პრონციპებს მხატვრობაში, შუქ-ჩრდილისა და პერსპექტივის გამოყენებას გრაფიკაში, ცნობილი არქიტექტურული ძეგლების გეგმებსა და ნაგებობის ლანდშაფტთან დაკავშირების წესებს. შეძენილი ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ იმსჯელონ ხელოვნების ნიმუშების ეპოქაზე, სტილზე და კომპოზიციაზე.

მუსიკა - 1 ტრიმესტრი       

მეთორმეტეკლასელები შეისწავლიან ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების ისტორია, სტრუქტურასა და სტილი, ისწავლიან მათ ამოცნობას სახელწოდებისა და ავტორის მიხედვით; გაეცნობიან მუსიკის სხვადასხვა
ჟანრს - კლასიკურ მუსიკას, ხალხურ მუსიკას, ჯაზს, თანამედროვე  მუსიკასა და ოპერას; განიხილავენ ჰარმონიის, ტონალობისა და დისონანსის ტექნიკას. მოსწავლეები გაეცნობიან სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტებს.

ფიზიკური აღზრდა - 3 წელი

ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ. სპორტულ მოედნებამდე მოსწავლეების ტრანსპორტირებას აკადემია უზრუნველყოფს. მეცადინეობები ჩატარდება სპორტის შემდეგ სახეობებში: ცურვა, ჩოგბურთი, ფეხბურთი, კლდეზე ცოცვა, აერობიკა და ცეკვა. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს რიგ სეზონურ სახეობებსაც, კერძოდ, ტურიზმს, სათხილამურო  და სანაოსნო სპორტს. მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობის ზრდასთან ერთად შესაძლებელი გახდა სპორტის გუნდური სახეობების წილის გაზრდა.

ინტერდისციპლინარული კურსი „დიადი იდეები"- 1 წელი

ინტერდისციპლინარული კურსი მიზნად ისახავს გააცნოს მოსწავლეებს ადამიანები და იდეები, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს დასავლური კულტურისა და აზროვნების განვითარებაზე (ანტიკური ფილოსოფია, ქრისტიანობა, გალილეო გალილეი, ლეონარდო და ვინჩი, ნიუტონი, მარქსი, ფრეიდი და ეინშტეინი). კვირის განმავლობაში ტარდება სამი სემინარი და ერთი ლექცია. კურსის თითოეული თემატური კომპონენტი დაკავშირებულია პარალელურ კურსებთან ხელოვნებაში, მუსიკასა და რელიგიაში და მოითხოვს მოსწავლეებისგან ორიგინალური ტექსტებისა და თემასთან დაკავშირებული სხვა მასალების გაცნობას. ასე მაგალითად, გალილეო გალილეის შემთხვევაში ეს არის გალილეო გალილეის  „ვარსკვლავთა მაცნე" და ბრეხტის პიესა „გალილეო".

არჩევითი კურსები - 1 წელი

2008 წლიდან აკადემიის მასწავლებელთა ინიციატივით აკადემიაში დაინერგა არჩევითი კურსების პროგრამა მეთორმეტეკლასელთათვის. ამჟამად პროგრამა მოიცავს ფილოსოფიის, თანამედროვე ევროპული ისტორიის, კომპიუტერული მეცნიერების, თანამედროვე ამერიკული კულტურისა და წერის ინტენსიურ კურსებს.  არჩევითი კურსების  სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა დამოუკიდებელი კვლევითი პროექტის განხორციელება, რაც წერილობითი ნაშრომის წარმოდგენასა და საჯარო პრეზენტაციას გულისხმობს.


 
 
 
©
2014 გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
ბიბლიოთეკა
დახმარება
Created By: Pro-Service